მწვანე გამოწვევა რუსთავის საზოგადოებას

Posted: June 16, 2011 by ანა აბულაშვილი in ანას საავტორო სვეტი


დღეს მთელი მსოფლიოს წინაშე აქტუალურად დგას გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი. საქართველოში გარემოსდაცვითი ღონისძიებები მეტნაკლებად ხორციელდება, მაგრამ ძირითადად მათ ერთჯერადი ხასიათი აქვთ. რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა არსებითად არ ცვლის ქვეყანაში მწვავედ დასმულ პრობლემას. თუმცა წინ გადადგმული ნაბიჯები მაინც შეინიშნება. მდგომარეობა რუსთავის მაგალითზე განვიხილოთ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქალაქში განხორციელდა სხვადასხვა ტიპის რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს გარემოს დაცვასა და დასუფთავებას. ამ მხრივ განვითარდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მეტ-ნაკლებად მოწესრიგდა კორპუსებში არსებული ნაგავსაყრელის პრობლემა, ქუჩებში დაიდგა ნაგვის ურნები. თუმცა. სამწუხაროდ, საზოგადოების მხრიდან საკითხისადმი კვლავაც ნიჰილისტური, დაუდევარი დამოკიდებულება რჩება.

სუფთა გარემოს ყველაზე დიდ საფრთხეს საყოფაცხოვრებო ნარჩენები უქმნის.  აქედან შეგვიძლია გამოვყოთ პოლიეთილენის პარკი. მისი წარმოება XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 5 ტრილიონი პოლიეთილენის პარკი მოიხმარება. ამათგან საქართველოში ყოველდღიურად – 20 მილიონი, ხოლო რუსთავში – 654 000 ცალი. მისი მოხმარება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. იაფია მისი როგორც წარმოება, ასევე შეძენაც. ხშირად ჩვენ არ ვუფიქრდებით, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს გარემოს, ერთი შეხედვით, ამ უმნიშვნელო პროდუქტმა. სწორედ ამ საკითხით დაინტერესდნენ რუსთაველი ახალგაზრდები. 2011 წლის მარტიდან კავშირის “ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის” ინიციატივით შეიქმნა ეკოლოგიური   პროექტი სახელწოდებით “მწვანე გამოწვევა რუსთავის  საზოგადოებას”. იგი დაფინანსებულია USAID-ის  მიერ – აღმოსავლეთ და დასავლეთ მართვის ინსტიტუტის “საჯარო პოლიტიკის,ადვოკატირების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში” პროექტის ფარგლებში.

კავშირი „ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის” დაარსდა 2006 წელს რუსთავის სკაუტური მძრაობის აქტიური ლიდერების მიერ. კავშირის ძირითადი საქმიანობა მოიცავს ევროკომისიის და ევროსაბჭოს საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროექტებს. ასევე ორგანიზაცია რუსთაველ ახალგაზრდებს სთავაზობს არაფორმალური განათლების სხვადასხვა მიმართულებას, როგორიცაა: პროექტების მართვა, ადამიანის უფლებები,  ჯანსაღი ცხიოვრების წესი და ა.შ.

პროექტის სახელწოდებით „მწვანე გამოწვევა რუსთავის საზოგადოებას“ ძირითადი ამოცანაა რუსთავის მოსახლეობის ინფორმირება ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით და მათი ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებზე. პროექტის ერთ-ერთი მიზანია პოლიეთილენის პარკების მოხმარების შემცირების მიზნით დაწესდეს მათზე დამატებითი გადასახადი. ამისათვის კი საჭიროა საკრებულოს შესაბამისი დადგენილება. პროექტის სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს რუსთავში მცხოვრები 10 000 მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებაზე, რაც მერიაში პეტიციით შესვლის შესაძლებლობას იძლევა.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საზოგადოებისათვის ეკოლოგიურად სუფთა, მრავალჯერადი მოხმარების ნაჭრის ჩანთის შეთავაზება. სწორედ ეს არის პოლიეთილენის პარკის ალტერნატივა.

პროექტის სამუშაო ჯგუფი აქტიურად აცნობს მოქალაქეთა სხავადსხვა სეგმენტს პროექტის მიზნებსა და მის მოსალოდნელ შედეგებს : პრეზენტაციები გაიმართა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებისათვის. ამის შედეგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც პროექტით გათვალისწინებულ კონკურსებში იღებენ მონაწილეობას. ახალგაზრდები ჩართულნი არიან მრავალჯერადი მოხმარების ნაჭრის ჩანთის დიზაინის, პროექტის ლოგოსა და ჰიმნის შემუშავებაში. ასევე პროექტის ფარგლებში იგეგმება დასუფთავების აქციების მოწყობა. მასში მონაწილეობას მიიღებენ რუსთაველი მოსწავლეები და სტუდენტები. გარდა იმისა, რომ ისინი დაასუფთავებენ თავიანთი საგანმანათლებლო დაწესებულების ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიებს, ისინი ასევე იზრუნებენ ქალაქის სკვერებისა და ქუჩების სისუფთავეზე.

ქალაქის მასშტაბით საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს ხელმოწერების შეგორვება. ახალგაზრდები ხალისითა და ენთუზიაზმით არიან ჩართული ამ პროცესში.

ხელმოწერების შეგროვებაში დიდი წვლილი შეიტანა აგრეთვე რუსთავის კორპუსის წარმომადგენლებმა. მათთან ასევე ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია. კორპუსების თავჯდომარეების მხრიდან დიდი ინტერესი და პროექტის განხორიელებაში აქტუირად ჩართვის სურვილი გაჩნდა. მათი მხარდაჭერა, უპირველეს ყოვლისა კი, ხელმოწერების შეგროვებით გამოხატა. დღეს ისინი აგრძელებენ ამ საკითხზე მუშაობასა და ჯგუფთან თანამშრომლობას.

უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებათ, პროექტის მიზნებისა და ამოცანების ირგვლივ გავესაუბრეთ იდეის ავტორსა და ხელმძღვანელს ალექსი მეტრეველს:

–                ბატონო ლექსო, საიდან გაჩნდა იდეა, რომ ამ ტიპის პროექტი რუსთავშიც განხორციელებულიყო?

–                “მწვანე გამოწვევა რუსთავის საზოგადოებას” წარმოადგენს ინოვაციურ პროექტს, რომლის მთავარი მიზანია ერთჯერადი ცელოფნის პარკებზე გადასახადის დაწესება მისი მოხმარების შემცირების მიზნით. ასევე სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ინფორმირება გარემოსდაცვით საკითხებზე. აღნიშნული პროექტის ანალოგები განხორციელდა მრავალ ქვეყანაში, რის შედეგადაც მინიმუმამდე იქნა დაყვანილი ცელოფნის პარკების მოხმარება და შესაბამისად გარემოს დაბინძურებაც. გარდა ამისა, სურვილი გვაქვს, რუსთავი წარმოვადგინოთ როგორც ეკო-ქალაქი. ამავდროულად, პროექტის წარმატებით დაგვირგვინების შემთხვევაში, ხმარებაში შემოვა მრავალჯერადი მოხმარების ეკო-ჩანთები, რომლებიც შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ქალაქის ბრენდად. ეს ყველაფერი თავის მხრივ საფუძველს მისცემს ქალაქში სუფთა გარემოს იდეის გავრცელებას.

–                თქვენ აპირებთ პოლიეთილენის პარკის ნაჭრის ჩანთით ჩანაცლებას, აგვიხსენით, კონკრეტულად, რა სახის ზიანს აყენებს პოლიეთილენის პარკი გარემოს?

–                თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ცელოფნის პარკი არ არის ბიოდეგრადირებადი პროდუქტი, მის დაშლას 1000 წელი მაინც სჭირდება. ამავდროულად იწარმოება ნავთობპროდუქტებისაგან და მისი წარმოების პროცესი ატმოსფეროს ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურებას იწვევს. სამწუხაროდ იგი ადვილად გადაიტანება ქარის მიერ ტყეებში, ზღვებსა  თუ მდინარეებში, ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიონი ზღვის ძუძუმწოვარა და ფრინველი იღუპება  პოლიეთილენის პარკის გადაყლაპვის გამო.

–                ბატონო ლექსო, მოხდა თუ არა შეთანხმება ქალაქის მერიასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თქვენს პროექტთან დაკავშირებით და როგორია მათი პოზიცია?

–                მოგახსენებთ, რომ პროექტი შინაარსიდან გამომდინარე მოიცავს ადვოკატირებას, ჩვენ გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ქალაქის ხელმზღვანელებთან, ასევე იგეგმება შეხვედრა ქალაქის მერთან და მასთან პროექტის წარდგენა.

იდეის ავტორთან საუბრის შემდეგ ჩვენ დავინტერესდით უშუალოდ ეკო-ჯგუფის ყოველდღიური მუშაობით და გავესაუბრეთ ამ ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, ილიას უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტს, მიხეილ შიშინაშვილს.

–                ჯგუფში 10-მდე ახალგაზრდაა გაერთიანებული, ზოგიერთ ჩვენთაგანს აქვს ამ სფეროში მუშოაბის გამოცდილება, თუმცა რუსთავის ფარგლებში ასეთი მასშტაბური პროექტი პირველად ხორციელდება. ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ რაიმე ახალი შევმატოთ ქალაქს. ვგეგმავთ უამრავ ღონისძიებას : დასუფთავების აქციები, ხელმოწერების შეგროვება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროექტში აქტიური მონაწილეობა მიიღონ ახალგაზრდებმა. ამიტომ ვცდილობთ უშუალო კონტაქტი გვქონდეს ადგილობრივ მოსწავლე- სტუდენტობასთან. ჯგუფში მუშაობა მთელი ენთუზიაზმით მიმდინარეობს, ჩვენ ვართ თანატოლები, გაერთიანებულნი ასეთი სასიკეთო იდეის გარშემო. ჩვენ ერთობლივად ვგეგმავთ და ვახორციელებთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს. სამუშაო გარემო ნამდვილად სასიამოვნოა, ყველას გათვიცნობიერებული გვაქსვს, რომ ჩვენს ქალაქზე, ჩვენს სახლზე ვზრუნავთ.

თუმცა საინტერესოა თავად მოქალაქეთა დამოკიდებულება პროექტის მიზნის მიმართ.  შეგახსენებთ. პოლიეთილენის პარკებზე მოხმარების შემცირების მიზნით უნდა დაწესდეს დამატებითი გადასახადი, რაც საბოლოოდ ისევ მოსახლეობის გადასახდელი იქნება.

ლია გველესიანი, 46 წლის:

–                ამ პროექტის შესახებ ტელევიზიით გავიგე. რა თქმა უნდა, ეს არასასიამოვნო მომენტია და შესაძლებელია გარკვეული პროტესტიც გამოიწვიოს მოსახლეობაში. მაგრამ პირადად მე, მირჩვენია 10-20 თეთრით ზედმეტი გადავიხადო დღეს და ვიცოდე, რომ ხვალ ჩემი შვილები შედარებით სუფთა გარემოში იცხოვრებენ. რატომაც არა, მე ვიტყვი უარს ცელოფნის პარკზე ნაჭრის ჩანთის სანაცვლოდ. ვფიქრობ, ეს საკმაოდ საინტერესო და, რაც მთავარია, დროული შემოთავაზებაა.

დღეს რუსთავის წინაშე ნამდვილად დიდი გამოწვევა დგას. სწორედ საზოგადოებაზეა დამოკიდებული რამდენად წარმატებულად განხორციელდება პროექტი. მსოფლიოში ეკოლოგიურ პრობლემებსა და სუფთა გარემოს იდეის გავრცელებაზე საკმაოდ ბევრს მუშაობენ. ასეთი სახის პროექტები უკვე განხორციელდა რიგ ქვეყნებში: აშშ, ირლანდია, ლატვია, ჩინეთი, ბანგლადეში, რუანდა, სომალი. შედეგად ამ ქვეყნებში გადასახედების დაწესების შემდეგ პოლიეთილენის პარკების მოხმარება 94%-ით შემცირდა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s