რუსთავის სიონი

Posted: June 23, 2011 by ანა აბულაშვილი in ანას საავტორო სვეტი

ქალაქ რუსთავში მშენებლობის ძველი მეთოდი გაიხსენეს: უკვე 8 წელია, რაც ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს კვერცხის საშუალებით აშენებენ, უფრო ზუსტად – კვერცხს დუღაბის შემადგენელ ერთ-ერთ კომპონენტად იყენებენ, რაც ნაგებობას განსაკუთრებულ სიმტკიცეს სძენს. დროთა განმავლობაში, ასეთი მეთოდით აშენებული ტაძარი უფრო მყარდება  და საუკუნეებს უძლებს.

მსგავსი ეკლესია საქართველოში უკვე სამი საუკუნეა არ აშენებულა. ეს არის ქვაში გაცოცხლებული ისტორია უძველესი ჩუქურთმებითა და ტაძართა ფრაგმენტებით.

ქეთევან აბაშიძე, ტაძრის არქიტექტორი:

–         ტაძრის სიმაღლე 19 მეტრია, სამშენებლოდ გამოიყენება ნიჩბისიდან მოტანილი ქვიშაქვა, ხეკორძულისა და მდინარე მტკვრის მასივების ძარღვი, რითაც შენდებოდა სვეტიცხოველი, ანჩისხატი. ტაძრის მშენებლობისათვის კირ-დუღაბია გამოყენებული. მასალა, რომელიც სუნთქვას და უძლებს საუკუნეებს. იგი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მყარდება. დუღაბში კვერცხს იყენებენ. ასეთ დუღაბს განსაკუთრებული თვისება აქვს – შეუძლია ქვა “შეისისხლხორცოს”. მსგავსი სტილით აშენებულ ტაძრებს მტერი ვერაფერს აკლებდა. ძველმა ნაგებობებმა ჩვენამდე რომ მოაღწია, ეს დუღაბის დამსახურებაა. დუღაბში მთლიან კვერცხს (გულს, ნაჭუჭს…) იყენებენ. ის ისეთ კომპონენტებს შეიცავს, რომელსაც განსაკუთრებული წებოვნება აქვს და ამის წყალობით, მტკიცე შედუღაბება ხდება. დროთა განმავლობაში, როცა დუღაბი სინესტეს იღებს, ის უფრო მყარი ხდება. ინტერიერი და კედლები აგურით იქნება ამოყვანლი, რომელნიც მოიპირკეთება გათლილი ქვებით, მსგავსად XII- XIII საუკუნეებში აგებული ტაძრებისა. ეს არის ქვემო ქართლის კულტურა.

მშენებლობის პროცესში აქტიურად ჩართული ვაჟა-ანდრია ჭიჭიკოშვილი:

– ტაძრის შენებაში კვერცხის გამოყენება თავიდანვე გათვალისწინებული იყო. მოგეხსენებათ, კვერცხს ცუდი სუნი აქვს. ამიტომ მას განსაკუთრებული სიფრთხილით ვარჩევთ. დუღაბში ერთი გაფუჭებულიც რომ გაურიო, ის ისეთ საშინელ სუნს გაუშვებს, რომ ჯობია, კედელი საერთოდ დაანგრიო. ადრე, როცა ხელოსნებს სახლს აშენებინებდნენ, მაგრამ ფულს არ უხდიდნენ, ხელოსნები კვერცხს ხვრეტდნენ, კედელში დებდნენ და ლესავდნენ. მალე ოთახში ისეთი სუნი დგებოდა, რომ სახლის პატრონი იძულებული ხდებოდა, კედელი დაენგრია.

– თუ იცით, ტაძრის მშენებლობაში დღემდე რა რაოდენობის კვერცხი დაიხარჯა?

– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ერთხელ, მოსახლეობამ საკუთარი სურვილით, იმდენი კვერცხი მოგვიტანა, რომ თითქმის მთელი ოთახი აივსო (იღიმის). ყველა გვეუბნება, რამე თუ დაგჭირდათ, “დაიხმაურეთო”.

– ამჟამად, რამდენი ადამიანი მუშაობთ?

– 25 კაცი ვართ. სამუშაო ნელ-ნელა მცირდება. ძირითადად, დეკორატიული ნიუანსები დაგვრჩა შესასრულებელი.

– მშენებლობა ამდენ ხანს რატომ გაგრძელდა?

– წვიმაში ვერ ვმუშაობთ, არც ქარია სასურველი – შეიძლება, სიმაღლიდან გადმოგაგდოს კიდეც, ვერც ყინვაში ვმუშაობთ – დუღაბი ვერ უძლებს. 2 თვის განმავლობაში გაჩერებული ვიყავით… ახლა პატარა ელექტროამწეები გვაქვს – წინათ ესეც არ გვქონდა და მძიმე ლოდების ხელით აწევა გვიხდებოდა. თითქმის სულ ხელით ვმუშაობდით – ჩემი თავი შუა საუკუნეებში მეგონა.

– ტაძრის მშენებლობა როდის დასრულდება?

– ღმერთი თუ ინებებს, ალბათ, 28 აგვისტოს მოვრჩებით. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s