Archive for the ‘ანას საავტორო სვეტი’ Category

რუსთავის სიონი

Posted: June 23, 2011 by ანა აბულაშვილი in ანას საავტორო სვეტი

ქალაქ რუსთავში მშენებლობის ძველი მეთოდი გაიხსენეს: უკვე 8 წელია, რაც ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს კვერცხის საშუალებით აშენებენ, უფრო ზუსტად – კვერცხს დუღაბის შემადგენელ ერთ-ერთ კომპონენტად იყენებენ, რაც ნაგებობას განსაკუთრებულ სიმტკიცეს სძენს. დროთა განმავლობაში, ასეთი მეთოდით აშენებული ტაძარი უფრო მყარდება  და საუკუნეებს უძლებს.

მსგავსი ეკლესია საქართველოში უკვე სამი საუკუნეა არ აშენებულა. ეს არის ქვაში გაცოცხლებული ისტორია უძველესი ჩუქურთმებითა და ტაძართა ფრაგმენტებით.

ქეთევან აბაშიძე, ტაძრის არქიტექტორი:

–         ტაძრის სიმაღლე 19 მეტრია, სამშენებლოდ გამოიყენება ნიჩბისიდან მოტანილი ქვიშაქვა, ხეკორძულისა და მდინარე მტკვრის მასივების ძარღვი, რითაც შენდებოდა სვეტიცხოველი, ანჩისხატი. ტაძრის მშენებლობისათვის კირ-დუღაბია გამოყენებული. მასალა, რომელიც სუნთქვას და უძლებს საუკუნეებს. იგი დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მყარდება. დუღაბში კვერცხს იყენებენ. ასეთ დუღაბს განსაკუთრებული თვისება აქვს – შეუძლია ქვა “შეისისხლხორცოს”. მსგავსი სტილით აშენებულ ტაძრებს მტერი ვერაფერს აკლებდა. ძველმა ნაგებობებმა ჩვენამდე რომ მოაღწია, ეს დუღაბის დამსახურებაა. დუღაბში მთლიან კვერცხს (გულს, ნაჭუჭს…) იყენებენ. ის ისეთ კომპონენტებს შეიცავს, რომელსაც განსაკუთრებული წებოვნება აქვს და ამის წყალობით, მტკიცე შედუღაბება ხდება. დროთა განმავლობაში, როცა დუღაბი სინესტეს იღებს, ის უფრო მყარი ხდება. ინტერიერი და კედლები აგურით იქნება ამოყვანლი, რომელნიც მოიპირკეთება გათლილი ქვებით, მსგავსად XII- XIII საუკუნეებში აგებული ტაძრებისა. ეს არის ქვემო ქართლის კულტურა.

მშენებლობის პროცესში აქტიურად ჩართული ვაჟა-ანდრია ჭიჭიკოშვილი:

– ტაძრის შენებაში კვერცხის გამოყენება თავიდანვე გათვალისწინებული იყო. მოგეხსენებათ, კვერცხს ცუდი სუნი აქვს. ამიტომ მას განსაკუთრებული სიფრთხილით ვარჩევთ. დუღაბში ერთი გაფუჭებულიც რომ გაურიო, ის ისეთ საშინელ სუნს გაუშვებს, რომ ჯობია, კედელი საერთოდ დაანგრიო. ადრე, როცა ხელოსნებს სახლს აშენებინებდნენ, მაგრამ ფულს არ უხდიდნენ, ხელოსნები კვერცხს ხვრეტდნენ, კედელში დებდნენ და ლესავდნენ. მალე ოთახში ისეთი სუნი დგებოდა, რომ სახლის პატრონი იძულებული ხდებოდა, კედელი დაენგრია.

– თუ იცით, ტაძრის მშენებლობაში დღემდე რა რაოდენობის კვერცხი დაიხარჯა?

– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ერთხელ, მოსახლეობამ საკუთარი სურვილით, იმდენი კვერცხი მოგვიტანა, რომ თითქმის მთელი ოთახი აივსო (იღიმის). ყველა გვეუბნება, რამე თუ დაგჭირდათ, “დაიხმაურეთო”.

– ამჟამად, რამდენი ადამიანი მუშაობთ?

– 25 კაცი ვართ. სამუშაო ნელ-ნელა მცირდება. ძირითადად, დეკორატიული ნიუანსები დაგვრჩა შესასრულებელი.

– მშენებლობა ამდენ ხანს რატომ გაგრძელდა?

– წვიმაში ვერ ვმუშაობთ, არც ქარია სასურველი – შეიძლება, სიმაღლიდან გადმოგაგდოს კიდეც, ვერც ყინვაში ვმუშაობთ – დუღაბი ვერ უძლებს. 2 თვის განმავლობაში გაჩერებული ვიყავით… ახლა პატარა ელექტროამწეები გვაქვს – წინათ ესეც არ გვქონდა და მძიმე ლოდების ხელით აწევა გვიხდებოდა. თითქმის სულ ხელით ვმუშაობდით – ჩემი თავი შუა საუკუნეებში მეგონა.

– ტაძრის მშენებლობა როდის დასრულდება?

– ღმერთი თუ ინებებს, ალბათ, 28 აგვისტოს მოვრჩებით. იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

Advertisements

ტელეფონი XIX საუკუნის ბოლოს ამერიკელმა მეცნიერმა ალექსანდრე ბელმა გამოიგონა. მან ელექტრონული სიგნალის მეშვეობით  ერთი წერტილიდან მეორეში ხმის გადაცემა შესძლო. 1870-იანი წლებისათვის ეს წარმოუდგენელი რამ გახლდათ.

გავიდა დრო. XX საუკუნის 50-იან წლებში მსოფლიოში უკვე ფიჭურ კავშირს გამოიყენებდნენ. თუმცა იგი ფართო მასებისათვის მიუწვდომელი იყო და მხოლოდ აგენტებისა და მაღალი რანგის წარმომადგენლებისათვის იყო განკუთვნილი.

დღეს, XXI საუკუნეში, ყველაფერი შეიცვალა, მობილური ტელეფონი ყველას აქვს, დიდსა თუ პატარას. იგი ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივ ნივთად იქცა, რომლის გარეშე შეუძლებელია ერთი დღის წარმოდგენაც კი. მაგრამ რატომ გახდა ასე აუცილებელი და მნიშვნელოვანი ჩვენი ცხოვრებისათვის ერთი შეხედვით სრულიად ჩვეულებრივი ნივთი?

ტექნოლოგიური განვითარების სწრაფი ტემპების პირობებში, როდესაც დრო და ინფორმაცია განსაკუთრებულად ღირებული გახდა, პრიორიტეტი სწორედ ტექნიკურ საშუალებებს მიენიჭა. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი მობილური ტელეფონია. ეს არის ნივთი, რომლის საშულებითაც ძალზედ მოკლე დროში შესაძლებელია მსოფლიოს ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში დაკავშირება.

რაც შეეხება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას და მასში მობილური ტელეფონების „მონაწილეობას“. ახალგაზრდა თაობისათვის ეს ერთგვარი გართობის საშუალებაცაა, უფრო საქმიანებისათვის – ერთ-ერთი საკონტაქტო საშუალება. სხვადასხვა ადამიანი მას სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებს. თუმცა ყველა აღნიშნავს, რომ ტელეფონი მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

პირადად მე, თუ მსურს განმარტოება და დანარჩენი მსოფლიოსაგან მოწყვეტა, უპირველეს ყოვლისა, ჩემი მობილური ტელეფონი უნდა გამოვრთო. მის გერეშე თითქოს ამოვვარდნილი ვარ მთელი სამყაროდან და ცხოვრებაც სადღაც ჩემს გვერდით მიდის.

დრო გადის, პროგრესი არ იცდის, მობილური ტელეფონებიც იცვლება, ემატება სულ ახალ-ახალი ფუნქციები. შეიძლება ითქვას, იგი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ისეთივე ჩვეულებრივი ნივთი გახდა, როგორც თავის დროს რადიო, შემდეგ კი ტელევიზორი დამკვიდრდა.

მობილურ ტელეფონს ბევრი რამ შეუძლია: კავშირის წამებში დამყარება ზოგჯერ სასიცოცხლო მნიშვნელობის არის ხოლმე. ერთხელ ჩემი მეგობარი ნათია ჩაჩავა სარდაფში ჩავიდა. იმ დღეს მას ბედმა არ გაუღიმა და კარი ჩაეკეტა. გოგონას შეეშინდა, მაგრამ არ დაიბნა. მობილური ტელეფონით გაკეთებულ ზარს უმალ დახმარება მოჰყვა.  თუმცა სამწუხაროდ იგი მხოლოდ ბედნიერების მომტანი არ არის. როგორც მრავალი კვლევა ადასტურებს, მობილურით საჭესთან ლაპარაკი 9-ჯერ ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყოლის რისკს. ასეთი ფაქტი 2006 წელს აშშ-ის შტატ კენტუკიში მოხდა. ქალბატონი და მისი 6 წლის ქალიშვილი  ავტოკატასტროფის მსხვერპლი გახდა. დარტყმის ძალა იმდენად დიდი იყო, რომ ამ ქალბატონს ხელი მოწყდა. როდესაც მაშველებმა იგი (ხელი) იპოვეს, მობილური ტელეფონი ჯერ კიდევ ხელში ჰქონდა შერჩენილი. სამწუხაროა, მაგრამ ასეთი შემთხვევები ძალზედ ხშირია.

უპირატესობა, რა თქმა უნდა, დადებით მხარეებს აქვს. მობილურს დიდი სარგებლობა მოაქვს. თუმცა ამავე დროს დამაფიქრებელია ის უბედური ფაქტები, რომლის ძირითადი მიზეზი სწორედ ტელეფონია.

“There are two ways to handle a woman, and nobody knows either of them”…

Frank ‘Kin’Hubbard

მინდა წარმოგიდგინოთ ყველაზე ცნობილი ქალბატონები, რომელთაც მსოფლიო შეცვალეს:

პრინცესა დიანა

მას “გულების დედოფალს”, “მსოფლიოს ვარდს” უწოდებდნენ. პრინცესა დიანას (ბრიტანული სამეფოს მემკვიდრის პრინც ჩარლზის მეუღლე) ცხოვრება თავიდან ზღაპარს ჰგავდა: ჩვეულებრივი გოგონა, რომელიც აღზმრდელად მუშაობდა საბავშვო ბაღში ბუკინგემის სასახლეში გადავიდა საცხოვრებლად. გარედან ყველაფერი იდეალურად ჩანდა: პრინცესა დიანამ მეუღლეს ორი მემკვირდე, ვილიამი და ჰარი, აჩუქა; დაკავდა ქველმოქმედებით და ყოველი ბრიტანელის გული დაიპრყო თავისი სილამაზითა და უბრალოებით.

მალე გაირკვა, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ეს დიანას წარმოედგინა. ჩარლზს სხვა ქალი, კამილა პარკერ ბიულზე უყვარდა. თვითმკლელობის 5 მცდელობის შემდეგ დიანა და ჩარლზი ერთმანეთს დაშორდნენ.

და მაშინ, როცა პრონცესა დიმ ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება გადაწყვიტა, მოხდა ის, რამაც მთელი მსოფლიო აატირა. 36 წლის ასაკში იგი საავტომოილო კატასტროფაში დაიღუპა.

კოკო შანელი

მძიმე ხასიათის მქონე ამ სათნო მადმუაზელმა, რომელიც გამჭრიახი გონებითა და მწარე ენით იყო დაჯილდოებული, გადაატრიალა ყველა წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ უნდა გამოყურებოდეს ქალბატონი. მან მოდაში რევოლუცია მოახდინა.

სწორედ მისი წყალობით ჩვენ დღეს გვაქვს შავი ფერი, მოკლე ვარცხნილობა, შარვლები, Chanel №5-ის არომატი და პატარა შავი კაბა.

მიუხედავად იმისა, რომ მის ცხოვრებაში ბევრი მამაკაცი იყო (თანაც საკმაოდ მდიდრები – არისტოკრატები, სამეფო ოჯახის წევრები), კოკო შანელი არასდროს ყოფილა გათხოვილი. ვესტმისტერის ჰერცოგის შემოთავაზებაზე ცოლად გაჰყოლოდა მას, შანელმა უპასუხა: ” ჰერცოგინია ბევრია, ხოლო მადმუაზელი ერთადერთი”.

დედა ტერეზა

მას წმინდანად სიცოცხლეშივე თვლიდნენ. იგი საკუთარ თავს ” ფანქარს ღვთის ხელში” უწოდებდა. აგნეს გონჯა ბოიაჯიუ 1910 წელს დაიბადა. 18 წლის ასაკში ჩაირიცხა მონაზონთა ორდენში “ლორეცოს ირლანდიელ დები”. ხოლო 36 წლისამ დააფუძნა ორგანიზაცია “ქველმოქმედების მისიონერები” და 1979 წელს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.

იგი ეხმარებოდა ყველას, განურჩევლათ რელიგიური მრწამსისა თუ ეროვნულობისა. დედა ტერეზას, დროებით, მაგრამ მაინც, ყველაზე სისცხლისმღვრელი ომის შეჩერებაც კი შეეძლო.

როდესაც სიკვდილის პირას მყოფს ჰკითხეს, ჰქონია თუ არა მას ოდესმე დასვენება ან დღესასწაული, მან უპასუხა: “ჩემი ყოველი  დღე დღესასწაულია”.

ინდირა განდი

1966 წელს იგი ინდოეთის პრემიერ-მინისტრი გახდა. მოწინააღმდეგეები მას “სულელ თოჯინას” უწოდებდნენ. მაგრამ სულ მალე ინდირა განდიმ დაამტკიცა, რომ ქალსაც შეუძლია ქვეყნის მართვა და ამ საქმის ბრწყინვალედ აკეთებდა. ის იყო პირველი ქალი, რომელმაც სახელმწიფოს მმართველობა ჩაიბარა. მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში იდნოეთი მკვეთრად შეიცვალა, შეიცვალა უკეთესობისაკენ.

ეს იყო ქალი, რომელიც ჯერ ადრეულ ასაკში დაქვრივდა, შემდეგ კი მამა და უნცროსი ვაჟი დაკარგა. წარმოუდგენელია, რა ხდებოდა მის გულში, მაგრამ იგი საკმაოდ სწრაფად მოვიდა აზრზე და სულ მალე საკუთარი ქვეყნის პოლიტიკური ბედის განმსაზღვრელი გახდა.

ინდირას სიბრძნესა და ზალაუფლებასთან აიგივედნენ, თუმცა იგი მაინც ბოლომდე ქალად დარჩა, რამაც საბედისწერო გავლენა მოახდინა მის ცხოვრებაზე. 1984 წლის 31 ოქტომბერს იგი ინტერვიუზე წასასვლელად ემზადებოდა. იგი დიდხანს არჩევდა ტანისამოსს და ვერც კი წარმოედგინა, რომ იგი ბოლო იქნებოდა მის სიცოცხლეში. ინდირა განდიმ იმ დღეს ტყვიაგაუმტარი ჟილეტი გაიხადა იმ აზრით, რომ იგი მას მსუქნად აჩენდა…

ოდრი ჰეპბერნი

მან დაიპყრო მაყურებელთა გულები არა მხოლოდ თავისი ტალანტით, არამედ არისტოკრატიული გარეგნობით, ქალურობითა და სილამაზითაც.

იგი ცნობილი კუტურიე, იუბერ დე ჟივანშიც, მუზა გახლდათ. თუმცა თავად ოდრის აზრით, ქალბატონის სილამაზე არა ჩაცმულობასა თუ ვარცხნილობაშია, არამედ სწორედ თვალების ბრწყინლავებაში. თვალები ხომ კარიპჭეა გულისა, სადაც სიყვარული სუფევს.

ოდრი ქველმოქმედებით იყო დაკავებული. მას გამოვლილი ჰქონდა ომის საშინელებები – შიმშილი, დაბომბვები და ა.შ. იგი იუნისეფის აქტიური წევრი გახლდათ, სიცოცხლის ბოლომდე ეხმარებოდა გაჭირვებულებს.

ჟურნალ “NME”-სთვის მიცემულ ინტერვიუში პოპულარული მომღერალი LADY GAGA კატეგირულად უარყოფს კრიტიკოსთა აზრს იმის შესახებ, რომ სიმღერა “Born This Way” არის პირდაპირი პლაგიატი Madonna-ს სიმღერისა სახელწოდებით “Express Yourself”.  შეგიძლიათ თავად შეადაროთ.

მე, როგორც პოლიტოლოგმა, კარგად ვიცი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხივისი აზრების და სიტყვების გამოყენება ავტორის მითითების გარეშე. ინტელექტუალური საკუთრების დაცვა განსაკუთრებით ძნელია დღეს, როდესაც ტექნოლოგიურმა პროგრესმა წარმოუდგენელი შესაძლებლობები მისცა მსოფლიოს.

თუმცა არ მეგონა ეს პრობლემა ასე მწვავედ მუსიკალურ სამყაროშიც თუ არსებობდა. სრულიად შემთხვევით წავაწყდი ამ თემას, მაშინ Beyonce-ს “Halo”-სა და  Kelly Clarkson-ის “Already Gone”-ს განიხილავდნენ.

ამის შემდეგ დავინტერესდი სხვა შემთხვევებით და გაოცებული დავრჩი: მუსიკალური პლაგიატიზმის 500-მდე მაგალითი მოვიძიე.

გთავაზობთ რამდენიმე ძალიან საინტერესო სიმღერას





დღეს მთელი მსოფლიოს წინაშე აქტუალურად დგას გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხი. საქართველოში გარემოსდაცვითი ღონისძიებები მეტნაკლებად ხორციელდება, მაგრამ ძირითადად მათ ერთჯერადი ხასიათი აქვთ. რა თქმა უნდა, ასეთი მიდგომა არსებითად არ ცვლის ქვეყანაში მწვავედ დასმულ პრობლემას. თუმცა წინ გადადგმული ნაბიჯები მაინც შეინიშნება. მდგომარეობა რუსთავის მაგალითზე განვიხილოთ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქალაქში განხორციელდა სხვადასხვა ტიპის რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავს გარემოს დაცვასა და დასუფთავებას. ამ მხრივ განვითარდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მეტ-ნაკლებად მოწესრიგდა კორპუსებში არსებული ნაგავსაყრელის პრობლემა, ქუჩებში დაიდგა ნაგვის ურნები. თუმცა. სამწუხაროდ, საზოგადოების მხრიდან საკითხისადმი კვლავაც ნიჰილისტური, დაუდევარი დამოკიდებულება რჩება.

სუფთა გარემოს ყველაზე დიდ საფრთხეს საყოფაცხოვრებო ნარჩენები უქმნის.  აქედან შეგვიძლია გამოვყოთ პოლიეთილენის პარკი. მისი წარმოება XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო. სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 5 ტრილიონი პოლიეთილენის პარკი მოიხმარება. ამათგან საქართველოში ყოველდღიურად – 20 მილიონი, ხოლო რუსთავში – 654 000 ცალი. მისი მოხმარება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. იაფია მისი როგორც წარმოება, ასევე შეძენაც. ხშირად ჩვენ არ ვუფიქრდებით, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს გარემოს, ერთი შეხედვით, ამ უმნიშვნელო პროდუქტმა. სწორედ ამ საკითხით დაინტერესდნენ რუსთაველი ახალგაზრდები. 2011 წლის მარტიდან კავშირის “ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის” ინიციატივით შეიქმნა ეკოლოგიური   პროექტი სახელწოდებით “მწვანე გამოწვევა რუსთავის  საზოგადოებას”. იგი დაფინანსებულია USAID-ის  მიერ – აღმოსავლეთ და დასავლეთ მართვის ინსტიტუტის “საჯარო პოლიტიკის,ადვოკატირების და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში” პროექტის ფარგლებში.

კავშირი „ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის” დაარსდა 2006 წელს რუსთავის სკაუტური მძრაობის აქტიური ლიდერების მიერ. კავშირის ძირითადი საქმიანობა მოიცავს ევროკომისიის და ევროსაბჭოს საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით პროექტებს. ასევე ორგანიზაცია რუსთაველ ახალგაზრდებს სთავაზობს არაფორმალური განათლების სხვადასხვა მიმართულებას, როგორიცაა: პროექტების მართვა, ადამიანის უფლებები,  ჯანსაღი ცხიოვრების წესი და ა.შ.

პროექტის სახელწოდებით „მწვანე გამოწვევა რუსთავის საზოგადოებას“ ძირითადი ამოცანაა რუსთავის მოსახლეობის ინფორმირება ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით და მათი ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებზე. პროექტის ერთ-ერთი მიზანია პოლიეთილენის პარკების მოხმარების შემცირების მიზნით დაწესდეს მათზე დამატებითი გადასახადი. ამისათვის კი საჭიროა საკრებულოს შესაბამისი დადგენილება. პროექტის სამუშაო ჯგუფი აქტიურად მუშაობს რუსთავში მცხოვრები 10 000 მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებაზე, რაც მერიაში პეტიციით შესვლის შესაძლებლობას იძლევა.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საზოგადოებისათვის ეკოლოგიურად სუფთა, მრავალჯერადი მოხმარების ნაჭრის ჩანთის შეთავაზება. სწორედ ეს არის პოლიეთილენის პარკის ალტერნატივა.

პროექტის სამუშაო ჯგუფი აქტიურად აცნობს მოქალაქეთა სხავადსხვა სეგმენტს პროექტის მიზნებსა და მის მოსალოდნელ შედეგებს : პრეზენტაციები გაიმართა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებისათვის. ამის შედეგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც პროექტით გათვალისწინებულ კონკურსებში იღებენ მონაწილეობას. ახალგაზრდები ჩართულნი არიან მრავალჯერადი მოხმარების ნაჭრის ჩანთის დიზაინის, პროექტის ლოგოსა და ჰიმნის შემუშავებაში. ასევე პროექტის ფარგლებში იგეგმება დასუფთავების აქციების მოწყობა. მასში მონაწილეობას მიიღებენ რუსთაველი მოსწავლეები და სტუდენტები. გარდა იმისა, რომ ისინი დაასუფთავებენ თავიანთი საგანმანათლებლო დაწესებულების ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიებს, ისინი ასევე იზრუნებენ ქალაქის სკვერებისა და ქუჩების სისუფთავეზე.

ქალაქის მასშტაბით საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს ხელმოწერების შეგორვება. ახალგაზრდები ხალისითა და ენთუზიაზმით არიან ჩართული ამ პროცესში.

ხელმოწერების შეგროვებაში დიდი წვლილი შეიტანა აგრეთვე რუსთავის კორპუსის წარმომადგენლებმა. მათთან ასევე ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია. კორპუსების თავჯდომარეების მხრიდან დიდი ინტერესი და პროექტის განხორიელებაში აქტუირად ჩართვის სურვილი გაჩნდა. მათი მხარდაჭერა, უპირველეს ყოვლისა კი, ხელმოწერების შეგროვებით გამოხატა. დღეს ისინი აგრძელებენ ამ საკითხზე მუშაობასა და ჯგუფთან თანამშრომლობას.

უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებათ, პროექტის მიზნებისა და ამოცანების ირგვლივ გავესაუბრეთ იდეის ავტორსა და ხელმძღვანელს ალექსი მეტრეველს:

–                ბატონო ლექსო, საიდან გაჩნდა იდეა, რომ ამ ტიპის პროექტი რუსთავშიც განხორციელებულიყო?

–                “მწვანე გამოწვევა რუსთავის საზოგადოებას” წარმოადგენს ინოვაციურ პროექტს, რომლის მთავარი მიზანია ერთჯერადი ცელოფნის პარკებზე გადასახადის დაწესება მისი მოხმარების შემცირების მიზნით. ასევე სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ინფორმირება გარემოსდაცვით საკითხებზე. აღნიშნული პროექტის ანალოგები განხორციელდა მრავალ ქვეყანაში, რის შედეგადაც მინიმუმამდე იქნა დაყვანილი ცელოფნის პარკების მოხმარება და შესაბამისად გარემოს დაბინძურებაც. გარდა ამისა, სურვილი გვაქვს, რუსთავი წარმოვადგინოთ როგორც ეკო-ქალაქი. ამავდროულად, პროექტის წარმატებით დაგვირგვინების შემთხვევაში, ხმარებაში შემოვა მრავალჯერადი მოხმარების ეკო-ჩანთები, რომლებიც შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ქალაქის ბრენდად. ეს ყველაფერი თავის მხრივ საფუძველს მისცემს ქალაქში სუფთა გარემოს იდეის გავრცელებას.

–                თქვენ აპირებთ პოლიეთილენის პარკის ნაჭრის ჩანთით ჩანაცლებას, აგვიხსენით, კონკრეტულად, რა სახის ზიანს აყენებს პოლიეთილენის პარკი გარემოს?

–                თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ცელოფნის პარკი არ არის ბიოდეგრადირებადი პროდუქტი, მის დაშლას 1000 წელი მაინც სჭირდება. ამავდროულად იწარმოება ნავთობპროდუქტებისაგან და მისი წარმოების პროცესი ატმოსფეროს ტოქსიკური ნივთიერებებით დაბინძურებას იწვევს. სამწუხაროდ იგი ადვილად გადაიტანება ქარის მიერ ტყეებში, ზღვებსა  თუ მდინარეებში, ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიონი ზღვის ძუძუმწოვარა და ფრინველი იღუპება  პოლიეთილენის პარკის გადაყლაპვის გამო.

–                ბატონო ლექსო, მოხდა თუ არა შეთანხმება ქალაქის მერიასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თქვენს პროექტთან დაკავშირებით და როგორია მათი პოზიცია?

–                მოგახსენებთ, რომ პროექტი შინაარსიდან გამომდინარე მოიცავს ადვოკატირებას, ჩვენ გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ქალაქის ხელმზღვანელებთან, ასევე იგეგმება შეხვედრა ქალაქის მერთან და მასთან პროექტის წარდგენა.

იდეის ავტორთან საუბრის შემდეგ ჩვენ დავინტერესდით უშუალოდ ეკო-ჯგუფის ყოველდღიური მუშაობით და გავესაუბრეთ ამ ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, ილიას უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტს, მიხეილ შიშინაშვილს.

–                ჯგუფში 10-მდე ახალგაზრდაა გაერთიანებული, ზოგიერთ ჩვენთაგანს აქვს ამ სფეროში მუშოაბის გამოცდილება, თუმცა რუსთავის ფარგლებში ასეთი მასშტაბური პროექტი პირველად ხორციელდება. ჩვენ ყოველდღიურად ვცდილობთ რაიმე ახალი შევმატოთ ქალაქს. ვგეგმავთ უამრავ ღონისძიებას : დასუფთავების აქციები, ხელმოწერების შეგროვება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროექტში აქტიური მონაწილეობა მიიღონ ახალგაზრდებმა. ამიტომ ვცდილობთ უშუალო კონტაქტი გვქონდეს ადგილობრივ მოსწავლე- სტუდენტობასთან. ჯგუფში მუშაობა მთელი ენთუზიაზმით მიმდინარეობს, ჩვენ ვართ თანატოლები, გაერთიანებულნი ასეთი სასიკეთო იდეის გარშემო. ჩვენ ერთობლივად ვგეგმავთ და ვახორციელებთ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს. სამუშაო გარემო ნამდვილად სასიამოვნოა, ყველას გათვიცნობიერებული გვაქსვს, რომ ჩვენს ქალაქზე, ჩვენს სახლზე ვზრუნავთ.

თუმცა საინტერესოა თავად მოქალაქეთა დამოკიდებულება პროექტის მიზნის მიმართ.  შეგახსენებთ. პოლიეთილენის პარკებზე მოხმარების შემცირების მიზნით უნდა დაწესდეს დამატებითი გადასახადი, რაც საბოლოოდ ისევ მოსახლეობის გადასახდელი იქნება.

ლია გველესიანი, 46 წლის:

–                ამ პროექტის შესახებ ტელევიზიით გავიგე. რა თქმა უნდა, ეს არასასიამოვნო მომენტია და შესაძლებელია გარკვეული პროტესტიც გამოიწვიოს მოსახლეობაში. მაგრამ პირადად მე, მირჩვენია 10-20 თეთრით ზედმეტი გადავიხადო დღეს და ვიცოდე, რომ ხვალ ჩემი შვილები შედარებით სუფთა გარემოში იცხოვრებენ. რატომაც არა, მე ვიტყვი უარს ცელოფნის პარკზე ნაჭრის ჩანთის სანაცვლოდ. ვფიქრობ, ეს საკმაოდ საინტერესო და, რაც მთავარია, დროული შემოთავაზებაა.

დღეს რუსთავის წინაშე ნამდვილად დიდი გამოწვევა დგას. სწორედ საზოგადოებაზეა დამოკიდებული რამდენად წარმატებულად განხორციელდება პროექტი. მსოფლიოში ეკოლოგიურ პრობლემებსა და სუფთა გარემოს იდეის გავრცელებაზე საკმაოდ ბევრს მუშაობენ. ასეთი სახის პროექტები უკვე განხორციელდა რიგ ქვეყნებში: აშშ, ირლანდია, ლატვია, ჩინეთი, ბანგლადეში, რუანდა, სომალი. შედეგად ამ ქვეყნებში გადასახედების დაწესების შემდეგ პოლიეთილენის პარკების მოხმარება 94%-ით შემცირდა.