Archive for the ‘გიორგის საავტორო სვეტი’ Category

     „თანამედროვე ადამიანი,“ რასაკვირველია მოდელი დასავლეთ ევროპის დემოკრატიული ქვეყნებისგან  უნდა აგვეღო და ეს ასე მოხდა კიდეც, ახალი მთავრობის(N:5) მეოხებით. როგორ აისახა ეს ჩვენზე და ჩვენი კულტურის ჰავაზე? რატომ დასავლეთ ევროპული მოდელი?  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თითოეულმა ყოფილმა პსოტსაბჭოთა ქვეყანამ მიღებულ თავისუფლებასთან ერთად, ეროვნული დაბნეულობაც მიიღო.  რადგან  ან სრულიად ახალ სისტემაზე უნდა გადასულიყვნენ და ან ძველით უნდა ეხოხათ. (ზოგზოგიერთი ჯერჯერობით მშვენივრად ხოხავს.) ოდნავ მოგვიანებით ლიტვა, ლატვია, ესტონეთმა შეძლეს ერი არსებობა კრიზისიდან გამოეყვანათ. რაზეც მათი 2004 წელს ნატოში მიღებაც მოწმობს. (ჩვენთან ამ დროს ახალი დანთებულია რევოლუციის კვესით მიღებული ხანძარი) როგორც ჩანს დასავლური ლიბერალიზმი ბალტიისპირეთის კლიმატს მოუხდა. ჩვენმა ახალმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, გეზი დასვლეთისკენ აიღო. ფაქტია, რომ ნაციონალური პარტია ნანგრევებზე მოვიდა. ერთერთი მთავარი პრობლემა – ქურდული სამყაროს მონოპოლია და ზოგადად ქურდული მენტალიტეტის ღრმადგადგმული ფესვებია ქართულ საზოგადოებაში.  შემდეგ: კორუფცია უნივერსიტეტებში,(სამთავრობო სტრუქურებზე აღარაფერს ვამბობ) უმუშევრობის პიკი, გაძვალ–ტყავებული სკოლები, სასაცილო ხელფასები მასწავლებლებს, ექიმებს,  პატრიოტოზმი – დასული შეჯიბრამდე მაღალფარდოვანი ლექსების წარმოთქმაში, ან ღვინის სმაში, უამრავი ემიგრანტი, აკუმლატორიან (ან თუ ცოტა „სვეცკი“ იყო „დვიჟოკიან“) მეზობელთან სერიალის ან ფეხბურთის საყურებლად გადასული მთელი სამეზობლო და ასე შემდეგ. მოკლედ რომ ვთქვათ დემოკრატია და ჩვენ ისე ვიყავით, როგორც DVD დისკები და დენდის კასეტები. სააკაშვილმა სცადა დემოკრატიისთვის, ტექნიკის ეპოქისთვის დამახასიათებელი კრიტერიუმებისა და კონცეფციების შემოტანა ქვეყანაში. მაგრამ სამწუხაროდ ამ ყოველივემ ძირითადად კარიკატურული სახე უფრო მიიღო ვიდრე ჩამოყალიბებული და ეს გადმოტანის მცდელობა თითქმის არ შემდგარა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობთ. რადგან  ჯერ კიდევ გვიჭირს საკუთარი თავისუფლების გააზრება, ჩვენ ხომ უკვე დაგვავიწყდა კიდეც რაა თავისუფლება, თუმცა მთელი ჩვენი შეგნებული არსებობა ამისთვის ვიბრძოდით. მართალია გარკვეულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტებმა ფეხი მოიკიდეს (ყავარჯენს იშველიებენ ხოლმე) და ზემოთ აღნიშნული ზოგიერთი პრობლემა გადაიჭრა კიდეც, მაგრამ ეროვნული თვითშეგნებადობის გარეშე კულტურა არ მიიღება და თუ მიიღება ძალიან დიდი დრო ჭირდება, ისიც სრული ასიმილაცია უნდა განიცადო. ეროვნულობის იდენტიფიკაცია არ არის ასე ადვილი და მასზე რაც ხელში მოგყვება ეგრევე არ უნდა დააშენო. რადგან ჯერ კიდევ ღირებულებებიც კი არეული გვაქვს და ვხმაურობთ იქ სადაც დუმილია საჭირო და ვდუმვართ იქ სადაც ყვირილიც კი შეიძლება საკმარისი არ იყოს. ახალგაზრდობა ღებულობს ევროპისგან არა შრომით, არამედ მხოლოდ გართობის კულტურას. ქართული ღირებულებებს სწორი გამიჯვნა და გადაფასება ჭირდება, ხოლო მერე  შერწყმა ევროპულთან და არა ცალმხრივად. (როგორც ჩვენთანაა, ან რადიკალისტი ქართველი ან რადიკალისტი ევროპელი) რაც არც ევროპულს ნერგავს და არც ქართულს აცოცხლებს, ხოდა ვართ ასე სადღაც შუაში. ეს იგივეა ადამიანს ჩააცვა ჯინსი მხოლოდ იმიტომ , რომ მოდაშია(ან პრაქტიკულია) და იმას არ შეხედო უხდება თუარა, ან საერთოდ მისი ზომა თუა.

       თითქოს მივდივართ, მაგრამ ვართ ასე გაჩერებული. ზუსტად ისე  როცა გვერდითა ბაქანზე მეორე მატარებელი ჩამოგივლის, შენ კი გაჩერებულ მატარებელში ზიხარ და გაქვს  იმის შეგრძნება , რომ დაიძარით. მაგრამ ნურას უკაცრავად, ამ დროს მოპირდაპირე ვაგონიდან ისმის ნაცნობი ხმა: 

        ბულკი, ქადა, გაზეთები…

        გამატარე ქალო ერთი, ცხელი ხაჭაპურები აბა ვის უნდა, ცხელი ხაჭაპურები!

ჩვენი მეზობელი

Posted: June 23, 2011 by გიორგი ფირცხალაიშვილი in გიორგის საავტორო სვეტი

  დავიწყოთ იქედან, რომ სადღაციდან უნდა დავიწყოთ… ხოდა მაშ ასე: მისი საყვარელი მწერალია პაულო კოელიო, როგორც ის იტყვის ხოლმე: „კოელიო აი ძაან, ძაან მაგარია.“ (მისთვის ალბათ ეს მინი-ირონიაც გაუგებარი იქნება და ვერ მიხვდება, რომ მწერლისკენ კიარა მისკენაა მიმართული.) ის მაღაზიებში მხოლოდ იმ წიგნებს ყიდულობს, რომლებიც ყველაზე დიდი რაოდენობით  აწყვია თაროებზე და უკანა ყდაზე თვალწარმტაცად აწერია: ბესცელერი.  მისი ბავშვობის საყვარელი წიგნი და „ლიტერატურული“ პერსონაჟი ჰარი პოტერია, ხოლო საყვარელი ფილმი „ბეჭდების მბრძანებელი,“ (შეიძლება წიგნიც) ახლა კი ის „Twilight“ და “Avatar”–მა ჩაანაცვლა. ისე ის უკვე 20 წლისაა. (კი ბატონო, მე ვინ მეკითხება!)

      მას უყვარს გოგოებთან სექსზე საუბარი, უფრო სწორად ცდილობს ხოლმე ხშირად ისაუბროს ამაზე, რათა ამით საკუთარი უკომპლექსობა გამოავლინოს, უფრო კი იმ კომპლექსის დაფარვას სურს, რომ საპირისპირო სქესთან მიმართებაში ყოველთვის ხელცარიელი რჩება.

     ის ნიჰილისტურად უყურებს ყოველივე ქართულს და ამას პროგრესულ აზროვნებად აღიქვამს, ქართველ მწერლებზე გული აქვს აცრუებული. (აბსოლიტურად ყველაზე) თავს „წმინდა წყლის ევროპელად“ მიიჩნევს, თუმცა საუბარია კარიკატურაზე და არა ევროპელზე. 

         მას უყვარს ქუჩაში ჰოტდოგის ყიდვა და იქვე ჭამა, რადგან ჰოლივუდურ ფილმებში იგივე ხშირად უნახავს, ამერიკელები ასე სადილობენ.

     ის ასევე ცდილობს არ ჩამორჩეს მოდას და ჩაიცვას, როგორც ის იტყოდა განსხვავებულად. მაგრამ ეს არა იმიტომ, რომ განსხვავებულია, უბრალოდ მექანიკური პლაგიატია, ოღონდ თავად არ იცის ამის შესახებ. მან გუშინწინ გამვლელ ბიჭს პირსინგი დაუნახა წარბზე. რა კარგია გაიფიქრა, „მგონი ჰოლანდიაშიც ასე დადიან, მეც აუცილებლად უნდა გავიკეთო.“ მას ძლიერ უყვარს საკუთარი თავი. მითიური ხანის არა, მაგრამ  ტექნიკური ეპოქის ნარცისია, რომელიც თვითკრიტიკისგან ისევე შორს დგას, როგორც  მთვარისაგან უახლოესი დასახლებული პუნქტი და თავი განსაკუთრებულ, სხვებზე მაღლა მდგომ არსებად მიაჩნია. გაქვდავდება თუარა ამას დრო არ ვიცი და ქვისმთლელები გვიჩვენებენ.

             

    მისი წარმოდგენით 70იანი წლების როკი დრომ მოჭამა  და უსმენს მხოლოდ ახალს, ”ინოვაციურს…“ გიტარაზე დაკვრაც უნდა, რომ ისწავლოს, გოგოებს მოსწონთ როცა ბიჭი გიტარაზე უკრავს. Faceebook-ზე (ან უფრო „ოდნოზე“) უკვე განათავსა თავისი ფოტოები გიტარასთან, წარწერით: „ყველაზე მაგარი დღე,  უძაან მაგრესად დავუკარი.“ 

     მას ზორბეგუშკა ქვია, როდესაც დილაობით სახლიდან გამოდიხართ მიესალმეთ ხოლმე, ის ჩვენი მეზობელია…..!

“ხუმრონია”

Posted: June 23, 2011 by გიორგი ფირცხალაიშვილი in გიორგის საავტორო სვეტი

ირონიითა და სარკაზმით ცნობილი ვუდი ალენისა და ბერნარდ შოუს გამონათქვამები:

ვუდი ალენი

თქვენთვის მე ათეისტი ვარ, ღმერთისთვის კი ლოიალური ოპოზიცია

“იქნებ ეს ყველაფერი არ არსებობს და ილუზიაა? ამ შემთხვევაში აშკარად ზედმეტი გადავიხადე ჩემს ხალიჩაში”

“მთელი ჩემი ცხოვრება ნიჰილიზმი, სარკაზმი და ორგაზმია.”

“მე არ მეშინია სიკვდილის, უბრალოდ არ მინდა იქ ვიყო როცა ეს მოხდება”

 არაფერი თქვა მასტურბაციის საწინააღმდეგოდ -ბოლოს და ბოლოს, ეს არის სექსი ადამიანთან, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს.“ 

„ძაღლების ჩხუბზე უარესი შემთხვევებიც არსებობს, ეს არის როდესაც ერთი ძაღლი არ პასუხობს მეორის ზარებს.

„რა არ მომწონს სიკვდილში? – დრო ალბათ.“ 

„სექსი სიყვარულის გარეშე უაზრო გამოცდილებაა, მაგრამ სხვა უაზრო გამოცდილებებთან შედარებით, ეს სასიამოვნოა“ 

“მე გავიარე სწრაფი კითხვის კურსი და წავიკითხე “ომი და მშვიდობა””

„მსოფლიოში ყველაზე სასიამოვნო სიტყვები:  – კეთილთვისებიანი სიმსივნე გაქვთ“ 

                                                                                                                                                                                 

ბერნარდ შოუ

        „როდესაც ჩვენს პლანეტაზე ადამიანს ამდენი აქვს სათქმელი, სირთულეს წარმოადგენს არა ის თუ როგორ ვათქმევინოთ, არამედ როგორ შეუშალოთ ხელი ნაკლები რომ ილაპარაკოს.

“უთხარი მას რომ ცაზე 9543234546364523 ვარსკვლავია და ის დაგიჯერებს, მაგრამ უთხარი მას რომ ეს სკამი ამ წამს იქნა შეღებილი და ის აუცილებლად შეეხება მას თითით”

 „პირველ სიყვარულისთვის საჭიროა მხოლოდ ცოტაოდენი სისულე და ბევრი ცნობისმოყვარეობა“ 

“ისტორიიდან მხოლოდ იმის სწავლა შეიძლება, რომ ხალხს ისტორიიდან არაფერი არ უსწავლიათ.“ 

  „ხარი ცხოველებში ყველაზე ძლიერი ვეგეტარიანელია.“  

 პესიმისტი, -ეს არის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ოპტიმისტთან.

„ღამეს მოაქვს სიმშვიდე მოხუცებისთვის და იმედი ახალგაზრდებისთვის.“

“ადამიანური რეალობის ობიექტურად აღქმის უქონლები, ხშირად ამას ცინიზმს ეძახიან.”

60- 70იან წლებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და აშშში ისეთი ლეგენდარული როკ–ჯგუფები, როგორებიც იყვნენ “led zeppelin” “pink floyd” “deep purple” “beatles” საზოგადოებაში აზროვნების და ალტერნატიული მუსიკის რევოლუციას ავითარებდნენ, რაც თავისუფალ, ახალ აზროვნებას გულისხმობდა და თავის თავში როგორც პროგრესს ასევე პროტესტს წარმოადგენდა ერთფეროვნებისა და სოციალური პასიურობის წინააღმდეგ. როგორც ტექსტებით ასევე მუსიკალურობით. ამ დროს კი  საბჭოურ ქვეყნებში  алла пугачева–ს   „миллион алых роз“  ერთერთი მთავარი ჰიტი იყო და მსგავსი ტიპის გემოვნებაზე იზრდებოდნენ თაობები, როგორც მსმენელი ასევე თავად მომღერლებიც. სიმღერის ტექსტები ძირითადად შედგებოდა „უსასრულო მოლოდინზე, ან ცალმხრივ სიყვარულზე აგებული მოტივებით.  (რაც ზემოთხსენებულსაც კი ძილერ ჩამორჩებოდა) სადაც მაისი, გზა, ვარდები, მენატრები, უშენობა ისევე ხშირად მეორებად სიტყვებს წარმოადგენდნენ, როგორც დღევანდელი თბილისის ქუჩებში საშაურმეები. ეს ზეგავლენა ახლაც იგრძნობა თანამედროვე რუსულ პოპ–კულტურაში და ზუსტად მსგავსი ტიპის ტექსტები ახასიათებდა სულ რამოდენიმე წლის წინ გადაშენებულ ქართულ შოუ–ბიზნესსაც. რამაც ალბათ საკმაო გავლენა იქონია საქართველოში მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე.

      სწორი გემოვნება უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ფორმირებაზე. კარგი მუსიკა ავსებს შინაგან სიცარიელეს, აფართოებს სულიერ სამყაროს,  აზრიანი და განსხვავებული ტექსტები ზრდიან გონებრივ არეალსა და ფანტაზიას. შესაბამისად საზოგადოების სიჯანსაღის ერთერთი განმაპირობებელი ფაქტორი მუსიკალური გემოვნებაცაა, რადგან მას პირდაპირი შეხება აქვს მასთან. მაგრამ მაშინ, როცა ქვეყანაში ქართული ხალხური ფოლკლორის ნაცვლად რადიოში უზომო რაოდენობის თხოვნები შემოდის გია სურამელაშვილზე და ნინო ჩხეიძეზე, (რომელთაც გაუმარჯოს სიგნალებით!) ან მაშინ როცა Ray Charles „ვიღაც ბრმა ზანგი“ გვგონია  და ვუსმენთ justin bieber-ს და ან კიდევ Nina Simone  „ძველმოდურობაა“ (რა ცუდი სიტყვაა) და ledi gaga მოდურობისა და პროგრესის კორიფე, მგონი ეს ისევე მნიშვნელოვანი პრობლემაა, როგორც თუნდაც უმუშევრობა. მართალია პოპ–კულტურა პოპულარულია და უსმენენ მას, როგორც ამერიკაში ასევე დასავლეთ ევროპაშიც მაგრამ იქ თავის დროზე MTv-ის საუკეთესო ჰიტებად შეირაცხნენ: Beatles –  let it be, yesterday, pinc floyd – hey you, და სხვა. ( ჩვენთან თავის დროზე არა, ( ან ვერა) მომავალში კიდევ რას ვაპირებთ ნოსტრადამუსმაც არ იცის….)  და კიდევ რამდენად გვესმის ცოცხალი მუსიკის ფასი? არადა წესით უნდა გვესმოდეს, ქართული ხალხური მრავალხმიანის და სამხმიანის  შთამომავლებს.   

   ”გემოვნებაზე არ დაობენო,“ ვერ დაგეთანხმები მეგობარო, რადგან ყველაზე ხშირად გემოვნებაზე დაობენ. შეიძლება არ იდავო მისი ფორმირების შემდეგ, ადამიანი ინდივიდია და თითოეული თავის თავს განსხვავებულ და მისთვის მისაღებ ატმოსფეროში პოულობს, მაგრამ მაშინ როცა ყველაზე ხშირად რადიოში ითხოვენ ნინო ჩხეიძეს, ეს ერის სირცხვილია და ამაზე უნდა იდავო. (ბანალური თემაა,  (თანაც რას გადავეკიდეთ ამ ქალს) თუმცა საშველი მაინც არ დაადგა, ასე რომ მაინც აქტუალურია.) 

     ღირებული მუსიკის მოსმენა ასევე გასწავლის სხვა ღირებულებებისადმი პატივისცემას. სავალდებულო არაა, ყველა კლასიკას უსმენდეს, მაგრამ რეზინის ბუშტისა და საჰაერო ბურთის გარჩევა ერთმანეთისგან უნდა შეეძლოს.

          არა ის,  ფაქტია, რომ ჯინსები გვაცვია. თუმცა სულაც ვერ ვამჩნევთ,  ჩვენს შარვალს უკან დიდი ასოებით რომ აწერია: “Adidads,” ან  რავი ზოგს “Puma” ურჩევნია…

 ოთარ ივანეს ძე ჭილაძე დაიბადა 1933 წლის 20  მარტს ქ. სიღნაღში, დედის მშობლების სახლში.  მამის მხრიდან ოდიშის დიდი ფეოდალების  შთამომავალია, მისი გვარი მოხსენებული ჰყავს  თითქმის ყველა მისიონერსა და მოგზაურს,  რომლებსაც მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე  საუკუნეებში  მოუწიათ საქართველოში ჩამოსვლა.  მამამისი –  ივანე ჭილაძე – პედაგოგი გახლდათ  ეკონომიური  და იურიდიული განათლებით.  დედა – თამარ  მათეშვილი – საკმაოდ  შეძლებული, მაგრამ ოციან  წლებში ერთბაშად  გაკოტრებული კომერსანტის ოჯახიდან იყო, რომელმაც, უმცროსი დებისგან განსხვავებით, მაინც მოასწრო კეთილშობილ ქალთა გიმნაზიის დამთავრება თბილისში. სულ სამი შვილი ეყოლათ, თამაზი, ოთარი და თინათინი. ძმა – თამაზ ჭილაძე მწერალია. ოთარ ჭილაძემ სწავლა ბათუმში დაიწყო, შოთა რუსთაველის სახელობის სკოლაში, მაგრამ ომის გამო, ორი წელი სიღნაღში მოუწია სწავლის გაგრძელება. დამთავრებით კი თბილისის ვაჟთა მეშვიდე სკოლა დაამთავრა 1951 წელს. იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჟურნალისტიკის განხრით, რომელიც 1956 წელს დაამთავრა. მსახურობდა ჟურნალ “მნათობში”, პოეზიის განყოფილების გამგედ, მაგრამ ახალი და მისთვის არასასურველი რედაქტორის მოსვლისთანავე, უსიტყვოდ მიატოვა იქაურობა.                                                                                                                                                                   პირველი ლექსი გამოაქვეყნა ალმანახში “პირველი სხივი” (1952), ლექსების პირველი კრებული “მატარებლები და მგზავრები” გამოვიდა 1959. გამოცემული აქვს ლექსებისა და პოემების კრებულები: “თიხის ფირფიტები” (1963), “რკინის საწოლი” (1965), “სინათლის წელიწადი” (1967), “ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით” (1968), “ცხრა პოემა” (1969), “გულის მეორე მხარე” (1974), “გახსოვდეს სიცოცხლე” (1984; 1992), “ლექსები, პოემები” (1991). ჭილაძის რომანებია: “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” (1973), “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” (1976), “რკინის თეატრი” (1981), “მარტის მამალი” (1987), “აველუმი” (1995). იგი ავტორია ორი პიესისა – “წათეს წითელი წაღები” (დაიწერა 1969, გამოქვეყნდა 1986), “ლაბირინთი” (1990).  ჭილაძის შემოქმედებისათვის უცხოა პათეტიკა. მას ახასიათებს ფილოსოფიური განსჯა, ადამიანის სულის სიღრმეების წვდომა, უბერებელ პრობლემათა დღევანდელი ფეთქვის შეგრძნება.

   
   
   თბილისი ჭილაძის პოეტური ხედვის, მსოფლშეგრძნების განმაპირობებელია, რადგან იგი მთლიანად ურბანისტული სულის მწერალია. იგი უფრო ღამის თბილისის მოყვარულია, რადგან მისთვის ლექსი არის ფიქრის, განსჯის, თვითჩაღრმავების საშუალება და ამას სიმყუდროვე, სჭირდება. ჭილაძის რომანებში დრო თავისი სამივე განზომილებით შემოდის და მოქმედებს – წარსული, აწმყო, მომავალი. იგი მთელია და განუყოფელი. ასეთნაირად არის გააზრებული ადამიანის თუ მთლიანად ერის ბედი. მისი პროზის სამყაროში მთავარი მაინც სიმბოლურ–მეტაფორულ მხატვრულ ქსოვილში შეფარული ეპოქის სულია, რომელიც მედიატორის როლს ასრულებს ადამიანის თავისუფლებისაკენ მისწრაფებასა და მის დამთრგუნველ ბოროტ ძალას შორის მუდმივ ბრძოლაში.

ჭილაძის ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდება მსოფლიოს მრავალ ენაზე. მისი შემოქმედებისადმი მსოფლიო საზოგადოებრიობის ინტერესის დასტურია ის, რომ 1999 წელს მწერალი დასახელებული იყო ნობელის პრემიის ნომინანტთა სიაში. 1992 მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. მიღებული აქვს ილია ჭავჭავაძის (1997) და ალექსანდრე ყაზბეგის (1999) პრემიები. 1983 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (1983).
  ოთარ ჭილაძეს ყოველთვის ჩრდილში ყოფნა ერჩივნა, ის ცხოვრობდა ჩუმად და ღირსეულად და თითქმის არასდროს გამოდიოდა ტელევიზიით ან რადიოში. 

   2010 წელს გამოიცა ოთარ ჭილაძის ჩანაწერები, მისი ძმის თამაზის რედაქტორობით. მასში შესულია სხვადასვხა დროის ჩანაწერები და ჩანახატები მისი პირადი დღიურებიდან და რვეულებიდან. “მე ვგრძნობ, მე ვიცი, ვხედავ და მესმის, როგორ იხრწნება მიწაში გვამი, როგორ იზრდება მიწაში ფესვი.” ეს გახლავთ მისი უკანასკნელი ჩანაწერი. 
 “პოლიტიკოსი მომენტის, სიტუაციის თავადია, მწერალი კი – მარადისობის მსახური.”   
   ამ ჩანაწერებში მკითხველი გაეცნობა იმ სამყაროს რომელსაც ოთარ ჭილაძე მთელი ცხოვრების მანძილზე სიმარტოვეში, ანუ საკუთარ თავთან დარჩენილი ქმნიდა. ასევე მწერლის შეფასებას, ანალიზსა თუ კრიტიკას ნებისმიერი მოვლენისადმი, რომელიც მის ირგვლივ ხდებოდა. როგორც პირადული, ასევე საზოგადოებრივი. 

 “რა არის მთავარი – ეკლესიის აღდგენა-აშენება, თუ ღვთისნიერების გამოჩენა მოყვასის მიმართ, რომელიც უკიდურეს ეკონომიკურ გაჭირვებას ქუჩაში გამოუგდია… ლოცვა ცის ქვეშაც შეიძლება, მაგრამ ობლისა და უპოვრის ცის ქვეშ დატოვება – დანაშაულია.”

“თავისუფლებამ კი არ მოგვიტანა ამდენი სიბინძურე, თავისუფლებამ გამოაჩინა მონობაში დაგროვებული. (გნებავთ შეძენილი!)”

“ქანდაკების ფაკულტეტი ახლა ქვისმთლელებს უშვებს, ფერწერისა – მღებავებს.”   

 
 
 
   ოთარ ჭილაძე გარდაიცვალა 2009 წლის 5 ოქტომბერს 76 წლის ასაკში. სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. მას პარაკლისი სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II–მ გადაუხადა.ის დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში, ნიკო ნიკოლაძის გვერდით, ეს იყო უკანასკნელი ადგილი მთაწმინდაზე. 

                                  

                             “მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი,

                              ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს.

                              და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის,

                                თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ.


გფ